ბოშების ხმები საქართველოდან

“მშობლები არ არიან სახლში, ვერ შემოგიშვებთ”, – ამბობს მე-6 კლასელი ვიშნა და კეტავს ჭიშკრის კარს.
კახეთი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭოეთი – ეს ადგილი, საქართველოში მცხოვრები ბოშების ერთ-ერთი დასახლებაა.

მე-6 კლასელი ვიშნაც აქ ცხოვრობს, ოჯახის წევრებთან ერთად. უცხოებს კარი არ გაგვიღო, მაგრამ  სკოლის დირექტორის ხმის გაგონების შემდეგ,  ჭიშკრის კარებიც გააღო და სახლშიც შეგვიპატიჟა.

-სად არიან მშობლები? – ვეკითხები მე.
-ქალაქში, მალე მოვლენ. – მპასუხობს ის.
-მთელი დღე შენ და შენი და-ძმა მარტოები ხართ?
-არა. ბებია და ჩვენი რძალი ცხოვრობენ გვერდით და მათთან ვართ ხოლმე.

ამ დროს, ოთახში, კიდევ ერთი მასპინძელი შემოვიდა – რძალი, ბავშით ხელში. მას შემდეგ, რაც გამოგვკითხა ვინ ვიყავით, გვითხრა მშობლებს დაელოდეთო, თვითონ კი, ოჯახის ყველაზე დიდ წევრთან – ბებიასთან წავიდა ამბის სათქმელად, რომ მათთან ჟურნალისტები არიან.
ამასობაში ვიშნას მშობლებიც მოვიდნენ. კარში ეჭვის თვალით შემომავალმა მამამ ხელი ჩამოგვართვა და თვალით გვანიშნა დასხედითო, ხოლო შემდეგ კი, ბოშური წესის თანხმად – ჩაი და ყავა შემოგვთავაზა.
ტრადიციულად, პირველი შემოთავაზება ვიუარეთ და მადლობა გადავუხადეთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასპინძელმა ნაწყენი მზერით შემოგვხედა და ტონალობა აწეული ხმით გვითხრა: თქვენ, ჩვენთან ჩაის დალევას არ კადრულობთო, სამივე დავთანხმიდით ჩაის – ბოშურ ჩაის.

ვიშნამ, სამზარეულოდან თეთრი, პატარა მაგიდა გამოიტანა, ქათქათა სუფრა გადააფარა და ჩაიც გაამზადა. ოჯახის უფროსი სავარძელზე დაჯდა, ბავშვები გვერდით მოისვა, ხოლო მეუღლე კი, ცოტა მოშორებით.

პირველი კითხვა მათ ყოველდღიურობას ეხებოდა. გვაინტერესებს თუ როგორია, თანამედროვე ბოშა ოჯახის ცხოვრება საქართველოში.

ამ დასახლებაში დიდი ხანია ვცხოვრობთ და მას მერე ვშრომობთ, მაგრამ სახლი ახლა გავარემონტეთ. ვშრომობთ და ვწვალობთ, 8 შვილი და  4 შვილიშვილი მყავს, ამათ შენახვა ხომ უნდათ?! , – ამბობს ოჯახის უფროსი და თან თავის ცოლს უყურებს.

მინდა ვკითხო ბოშების თემში გავრცელებულ მრავალშვილიანობასა და ნაადრევ, იძულებით ქორწინებაზე, თუმცა თვითონვე დაიწყო თავისი დაოჯახების ისტორიის მოყოლა.

17 წლის ყოფილა ცოლი, რომ მოუყვანია. მაშინ  მშობლებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და  ახლა, მრავალშვილიანი მამაა. დღევანდელი გადასახედიდან ფიქრობს, რომ პატარა იყო და არ უნდა დაქორწინებულიყო, რადგან დღეს არ  მოეწონება, რომ მისი შვილი 15 წლის ასაკში გათხოვდეს.

ამასობაში ჩაიც გაცივდა, დავლიეთ და მამის ნებართვის აღების შემდეგ, საუბარი  ბავშვებთან გავაგრძელეთ.

ბავშვებმა ბოშური ენა იციან, თუმცა ამ ცოდნას უცხოებთან არ ამჟღავნებენ. ქართულიც იციან, მაგრამ აქცენტი აქვთ. მათი თქმით, ქართული სკოლაში ისწავლეს და იქ სიარული მოსწონთ.

ჭოეთში ბოშების ოჯახში სტუმრობა აქ დასრულდა, რადგან მათ ჟურნალისტებთან ბევრი საუბარი არ უყვართ, მაგრამ მშობლებმა ბავშვებისთვის ფოტოების გადაღების ნებართვა მოგვცეს.

IMG_3850
ბოშა ბავშვები სოფელ ჭოეთიდან

ჭოეთიდან მომავალს ვიცოდით, რომ თბილისში კიდევ ერთი ბოშა ქალბატონი გველოდებოდა. უფრო სწორედ, ბოშა არა – ქართველი ქალი, რომელმაც თავისი ცხოვრება ბოშებს მიუძღვნა. 64 წლის ვენერა მარტყოფლიშვილი, 14 წლის გათხოვდა ბოშა ბიჭზე. ბიჭზე, რომელიც დედოფლისწყაროში გაიცნო და მალევე გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი.

34268909_1976675922406628_8066083624249720832_n
ვენერა მარტყოფლიშვილი

“14 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე, რომ გავიცანი დედოფლისწყაროში და მალევე დავქორწინდით. პატარები ვიყავით ისიც და მეც, თუმცა ერთმანეთი შეგვიყვარდა. გათხოვების შემდეგ, ოჯახი ორი წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა, სანამ პირველი ბავშვი არ მეყოლა… ძალიან ძნელი იყო ბოშა ოჯახის რძლობა, ბევრი რამის ატანა მომიწია – ცემა, ძალადობა, შეურაცხყოფა, აგრესია და დაპირისპირება, მაგრამ მე ჩემს ქმარში სიყვარულს ვხედავდი, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და გვიყვარს, – ამბობს ვენერა მარტყოფლიშვილი.

ვიშნას ოჯახისგან განსხვავებით, ქალბატონი ვენერა ენაწყლიანი აღმოჩდა და ბოშების თემში არსებულულ პრობლემებზე თამამად გვესაუბრა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბოშების რაოდენობა 604 ადამიანს შეადგენს, თუმცა ამ ციფრს არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვის თვალით უყურებენ და ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი 2000-ს აღემატება.

განათლების დაბალი დონე, დოკუმენტაციის არ ქონა, მაღალი შობადობა,  უმუშევრობა, ადრეული და იძულებითი ქორწინება – ეს საქართველოში მცხოვრები ბოშების ძირითადი პრობლემებია. თუმცა ქორწინების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა საქართველოში ორი წლის წინ ამოქმედებულმა კანონმა, რომელიც არასრულწლოვნის ქორწინებას კრძალავს.

ვენერა მარტყოფლიშვილი, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ სიტუაციას იხსენებს და ყვება, რომ ხშირი იყო ბოშების თემში ნაადრევი და იძულებითი ქორწინება.

როცა ბავშვების დაოჯახება ხდებოდა (12+ ასაკში) და მათ სქესობრივი აქტის ერთმანეთში დამყარება არ შეეძლოთ, ამას მესამე პირი ახდენდა. თუ ბიჭი გოგონასთან სექსუალურ აქტს ვერ დაამყარებდა, ქალი, რომელიც პირველ ღამეს ახალგაზრდებს კარებთან ელოდებოდა, ეხმარებოდა  გოგონას საქალწულე აპკის გახევაში (მას ხელით აუპატიურებდა).

ბოშურ  საზოგადოებაში განათლების დაბალ დონეს, მათთან სახელწმიფოს ნაკლებ მუშაობას და თავად ბოშების პასიურობას უკავშირებს, კიდევ ერთი ბოშა ქალი ლენა პროშიკიანი.

img_4265.jpg
ლენა პროშიკიანი

ვინმემ თუ არ აუხსნა ბოშებს, თუ რატომ არის განათლება მნიშვნელოვანი და რატომ არის ბავშვის სკოლაში მიყვანა აუცილებელი, ისინი ამას თავისით ვერ გაიგებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ასეც არაჩვეულებრივად ცხოვრობენ –  ბავშვები სახლში ან ბაზარში დედასთან ერთად  და არა სკოლაში, კაცი კი – სახლში, ბავშვების მომვლელი ან უბრალდ მხარ-თეძოზე წამოწოლილი.

ლენაც ქართველი ბოშაა, რომელმაც ბავშვობა ბებიასთან მოსკოვში გაატარა, ხოლო შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, მიიღო განათლება და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ცდილობს ბოშების პრობლემები მიიტანოს ადრესატამდე. მასაც განათლების მიღება და მუშაობა ძვირი დაუჯდა, რადგან ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ  მამის წინააღმდეგობა, არ ემუშავა დაძლია და დღეს უკვე შემდგარი ქალია. უფრო მეტიც, ის თავისთავს – საქართველოში ბოშების ხმას უწოდებს…

პრობლემების მოსმენის შემდეგ, ხელისუფლებასთან გავემგზავრეთ.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში არსებობს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ბოშების თემზე მუშაობს.

ელისო ლომიძე, ამ აპარატში სამოქალაქო ინტეგრაციის სამართველოს უფროსია. ისიც აღიარებს  ბოშების თემში საგანმანათლებლო, სოციალურ პრობლემებს და ასევე, მათი დოკუმენტაციის არარსებობის საკითხს, მაგრამ ამბობს, რომ სახელმწიფო ამის მოსაგვარებლად მუშაობს და მათი  ერთ-ერთი მიღწევაა ბოშა ბავშვების სკოლაში სიარული (220-მდე ბავშვი დღეს განათლებას იღებს).

მისივე თქმით,  ბოშების თემში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ოჯახში ძალადობაა და მიუხედავად იმისა, რომ სახელწმიფო მუშაობს ამ თემაზე, მაინც ძნელია მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ მათ მიერ შეთავაზებულ პროექტებში ჩაერთონ და სარგებელი ნახონ.

სანამ სახელწიფო ბოშების თემში არსებულ პრობლემებზე მუშაობს, მე ისევ თავში ვიშნას მამას იუმორნარევი პასუხი მიტრიალებს. კითხვაზე, როგორ გახდა 8 შვილიანი მამა, პასუხი 90-იანებში უნდა ვეძებოთო, – მიპასუხა. მისი თქმით, სწორედ ქვეყანაში მაშინდელმა უშუქობამ  გამოწივია 8 შვილის ყოლა…

1 thought on “ბოშების ხმები საქართველოდან”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s